Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

კიევი განიხილავს ლუკაშენკას წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესაძლებლობას

Дата публикации: 31-07-2026 14:18:57

კიევმა ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმართ ტონი გაამკაცრა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ბელარუსის ოპოზიციის მიმართვა გადაუგზავნა გენერალურ პროკურატურას, სადაც უნდა გადაწყდეს, არსებობს თუ არა ლუკაშენკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი.

Основное содержимое страницы с новостью.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას დაპატიმრება მოითხოვა ბელარუსის დემოკრატიულმა ფორუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ვალერი ცეპკალო - ლუკაშენკას ყოფილი თანამებრძოლი და ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ბელარუსის დემოკრატიული ფორუმი ამტკიცებს, რომ ლუკაშენკა რუსეთის აგრესიის თანამონაწილეა, რადგან:

  • 2022 წელს ბელარუსის ტერიტორია გამოიყენებოდა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრისთვის;
  • ბელარუსი რუსეთს სამხედრო ინფრასტრუქტურას, აეროდრომებსა და რკინიგზას უთმობს;
  • ბელარუსის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი რუსულ არმიას ამარაგებს;
  • მინსკი სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო კამპანიას.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ეს მიმართვა გენერალური პროკურატურის ოფისს გადაუგზავნა, რათა მას განეხილა, არსებობს თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი.

უკრაინელი პოლიტოლოგი ვოლოდიმირ ფესენკო მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, პოლიტიკური გაფრთხილებაა ლუკაშენკოსთვის, რათა ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად არ ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„საუბარი არ არის უკვე სისხლის სამართლის საქმის ან სასამართლო პროცესის დაწყებაზე. ჯერჯერობით საქმე მხოლოდ პროკურატურაში შეტანილ მიმართვას ეხება, სადაც ეს საკითხი შეიძლება განიხილონ. ეს პროცესი შესაძლოა დროშიც გაიწელოს. აქ მთავარი ის არის, რომ ეს ლუკაშენკოსთვის გაფრთხილებაა - არ ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ ომში“, - განუცხადა ვოლოდიმირ ფესენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბარში.

ვოლოდიმირ ფესენკო

ვოლოდიმირ ფესენკო

ამასთან, უკრაინელმა პოლიტოლოგმა გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ადრე ნათქვამი აქვს: თუ პროვოკაცია მოხდება, უკრაინას აქვს პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

ფესენკოს აზრით, ბელარუსის ოპოზიციის მიმართვის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პროკურატურაში გადაგზავნა შეიძლება მიუთითებდეს კიევის მხრიდან ლუკაშენკას მიმართ პოზიციის გამკაცრებაზე. შესაძლო მიზეზებად პოლიტოლოგი ასახელებს:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის, წასვლის შემდეგ უკრაინის პოლიტიკის ცვლილება

მინსკის მხრიდან რუსეთის ომისადმი უფრო აქტიური მხარდაჭერა

აშშ-ის მცდელობა, უკრაინა ჩართოს ბელარუსის ხელისუფლებასთან დიალოგში

„ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სურდათ ლუკაშენკასთან თანამშრომლობაში ჩვენი ჩართვა. აქ უკრაინას შეუძლია საკუთარი პრინციპულობა აჩვენოს და ამერიკელ პარტნიორებს მიანიშნოს, რომ ჩვენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმართ საკუთარი, პრინციპული, მათ შორის სამართლებრივი, პრეტენზიები აქვს“, - განმარტა პოლიტოლოგმა, რომლის თქმითაც, იურიდიული თვალსაზრისით, ლუკაშენკასთვის ეს შეხსენებაა, რომ მისადმი დამოკიდებულება შეიძლება ფუნდამენტურად შეიცვალოს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გახდეს მის მიმართ დამოკიდებულების რადიკალური ცვლილების ნიშანი.

ამასთან, ვოლოდიმირ ფესენკო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

„ამ ეტაპზე მხოლოდ დაუსწრებელ მართლმსაჯულებაზე შეგვიძლია საუბარი, როგორც ეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, შემთხვევაში მოხდა. ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის მოხდება ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ, დიდი ალბათობით, ეს გარდაუვალია. ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმართება სასამართლო პროცესი როგორც პუტინის, ისე ლუკაშენკას წინააღმდეგ. ლუკაშენკას შემთხვევაში ბრალდება იქნება უკრაინაზე თავდასხმაში ხელშეწყობა და რუსეთის ომის მხარდაჭერა. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - დარწმუნებულია უკრაინელი პოლიტოლოგი.

რა უძღოდა წინ

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის ოფისს მიმართა თხოვნით, განეხილა ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლებლობის საკითხი.

იმავე დღეს ბელარუსის დემოკრატიულმა ფორუმმა, რომელსაც ვალერი ცეპკალო ხელმძღვანელობს, საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა შესაბამისი მიმართვის ფოტო, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ტატაროვი აწერდა ხელს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ლუკაშენკას სახელი პირდაპირ არ იყო ნახსენები.

ორგანიზაციის განმარტებით, ლუკაშენკას სახელი და მოთხოვნა - მის ქმედებებს რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის კონტექსტში სამართლებრივი შეფასება მისცემოდა, მითითებული იყო მათ მიერ უკრაინის ხელისუფლებისთვის გაგზავნილ პირველ მიმართვაში.

ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა არც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში და არც გენერალურ პროკურატურაში. ლუკაშენკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის შესაძლო აღძვრის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია ბელარუსის ხელისუფლებასაც..

რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის უკრაინის სახელმწიფო და სამართალდამცავ უწყებებსაც მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ლუკაშენკას წინააღმდეგ საქმის აღძვრას წინა მცდელობები

როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს არ არის ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების პირველი მცდელობა.

2025 წლის თებერვალში უკრაინულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „პეჩატარმიამ“ („ПечатьАрмия“) სასამართლოს მეშვეობით სცადა, ლუკაშენკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, როგორც რუსეთის აგრესიის თანამონაწილისა (ვლადიმირ პუტინთან, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებებთან ერთად).

სარჩელის ავტორმა უკრაინისთვის საერთო კომპენსაციის ოდენობად 1,9 დეცილიარდი (37-ნიშნა რიცხვი) გრივნა (100 გრივნა - 2,24$) მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მაშინ ეს სარჩელი განუხილველად დატოვა.

«ПечатьАрмия» (პეჩატარმია) - უკრაინული საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციაა, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა. მისი საქმიანობა მიმართულია რუსეთის აგრესიის დოკუმენტირებაზე, უკრაინისთვის სამართლებრივი კომპენსაციის მოთხოვნის ხელშეწყობაზე და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის ომს უწყობენ ხელს.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა პოლიტიკურად და სამხედრო-ლოგისტიკურად მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა ამტკიცებს, რომ ბელარუსის არმია საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს. მისი მხარდაჭერა გამოიხატება იმით, რომ:

  • 2022 წელს ბელარუსის ტერიტორია რუსეთმა უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმად გამოიყენა;
  • მინსკი რუსეთს კვლავ აძლევს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის, აეროდრომების, რკინიგზისა და სხვა ლოგისტიკური რესურსების გამოყენების შესაძლებლობას;
  • ბელარუსის სამხედრო-სამრეწველო საწარმოები რუსული არმიის შეკვეთებს ასრულებენ;
  • ბელარუსის ტერიტორიაზე პერიოდულად განლაგებულია რუსული სამხედრო ძალები და შეიარაღება.

ამავე დროს, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ლუკაშენკა მუდმივად აცხადებს, რომ ბელარუსი უშუალოდ არ მონაწილეობს ომში და ბელარუს ჯარისკაცებს უკრაინაში არ გაგზავნის, თუ, მისი თქმით, თავად ბელარუსს არ დაესხმებიან თავს. პრაქტიკაში ლუკაშენკა რუსეთის მოკავშირეა და ომს მრავალმხრივ უწყობს ხელს, თუმცა ცდილობს ბელარუსის პირდაპირი სამხედრო ჩართვა თავიდან აიცილოს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1Офис Зеленского потребовал возбудить дело против Лукашенко07.231-07-2026
2ლუკაშენკას ახალი ინიციატივა: ცუდი კოლმეურნეები არმიაში, უკრაინის საზღვარზე08.131-07-2026
3Офис Зеленского попросил ГП Украины открыть дело против Лукашенко06.7831-07-2026
4Офис Зеленского просит возбудить дело против Лукашенко06.6431-07-2026
5უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიდეომიმართვაში ლაპარაკობს არჩევნების საჭიროებაზე09.3118-08-2026
6Лукашенко: вопрос о прямой выдаче Украине задержанных россиян не стоит0006-08-2020
7«Гэта папярэджаньне». Сталі вядомыя дэталі звароту Офісу Зяленскага ў пракуратуру аб перасьледзе Лукашэнкі07.9929-07-2026
8Генпрокуратура Украины предъявила обвинение российскому следователю за дело против Яценюка0001-02-2019
9Луценко заявил о готовности дать показания в США по делу об импичменте Трампа0030-09-2019
10Лукашенко поручил пригласить генпрокуроров России и Украины из-за задержанных россиян0006-08-2020

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 7.42. Источник: www.radiotavisupleba.ge.